ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 28 იანვარს დაგეგმილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, არსებული საარჩევნო სისტემა შეცვალოს.
"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და მასში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკურმა პარტიამ" "კონსერვატიულმა პარტიამ" "მრეწველებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" არ შეასრულეს ამომრჩევლისთვის მიცემული ერთ-ერთი უმთავრესი დანაპირები, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას შეეხებოდა. მესამე წელია, სახელისუფლებო კოალიცია პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს ყველანაირად გაურბის, რითაც იგნორირებას უკეთებს ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის არაერთ რეკომენდაციას, საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე. იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა ამომრჩეველი და ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად გადაწყვიტა შეინარჩუნოს და მოირგოს არსებული უსამართლო, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა; იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, საარჩევნო გარემოს რეფორმირებასთან დაკავშირებით; იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ესაუბროს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს. შესაბამისად უარი თქვა პოლიტიკურ კონსესუსზე, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოვუცხადოთ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას მოუწოდებენ, წინამდებარე დოკუმენტს შემოუერთდეს.
"დავტოვოთ ხელისუფლება მარტო, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს კოალიცია "ქართული ოცნების" რეალური სახე, რომლითაც იგი უკვე ძალიან ჰგავს საბჭოთა ეპოქის კომუნისტურ პარტიას. ხოლო ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტის რეჟიმზე და გადაწყვეტს ხელისუფლებას მაშველი რგოლი გადაუგდოს, მოახდენს თვითლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოს, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპელი დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "ლეიბორისტული პარტია", "რეფორმატორები", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ტრადიციონალისტთა კავშირი", "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და "ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა".