პაკისტანის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. "ბიბისის" ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ორმხრივი სროლა მიმდინარეობს. პოლიციას უნივერსიტეტის კამპუსი ალყაში აქვს მოქცეული, სადაც სტუდენტები და სასწავლებლის თანამშრომლები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ქალაქ ჩარსადაში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტთან ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.