საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სახით წარდგება. თუმცა, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქანთარიამ განაცხადა, პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ კოალიცია დაიშალოს და "ქართული ოცნება" სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებში.
"ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება – ეს თემა დიდი ხანია განხილვის საგანია. კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არანაირი სიმპტომები კოალიციის დაშლის არ არის, თუმცა ამავე დროს ვადასტურებთ, რომ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული და შესაძლებელია პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართოს. ისიც შეიძლება, რომ "ქართული ოცნება" სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე მით უფრო, რომ კოალიციის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ითხოვენ გარკვეულ ფასს და წილს. თუ ადრე იყო მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ახლა სხვა მიზნები და საკუთარ თავზე სხვა შეფასებები აქვთ. კოალიციის საბჭო განიხილავს ამ ყველაფერს და ამის მიხედვით დადგება გადაწყვეტილება. დაემატება თუ არა სხვა სუბიექტები და რამდენად მოუტანენ სარგებელს, ესეც ასაწონ-დასაწონია", - განაცხადა ქანთარიამ.
რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", მისივე თქმით, ასევე არანაირი სიმპტომი არ არის, რომ აღნიშნული პარტია კოალიციას დატოვებს.
"ეს თავად "რესპუბლიკელებზეა" დამოკიდებული. არავითარი სიმპტომი, რომ კოალიციას დატოვებენ არ არის. ერთადერთი რაც მათ ოფიციალურად გამოაცხადეს არის, რომ უმჯობესია წინასწარ იცოდნენ თუ რა ექნებათ მომავალ პარლამენტში და რა წილი ექნებათ კოალიციაში. მათ ექნებათ შეფასება რა წონისანი არიან. მათ ასევე კარგად იციან, რომ თუ კოალიციიდან გავლენ სერიოზული პრობლემები ექნებათ. მათ ასეთი წარმატება პოლიტიკაში არ ჰქონიათ, რომ ამდენი მინისტრი ყავდეთ, ამდენი პარლამენტის წევრი და ა.შ. როგორც ჭკვიანი ხალხი ამას აფასებენ", - განაცხადა ქანთარიამ.