სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ტაძარში დღეს 11.00 საათისთვის თბილისის მერი დავით ნარმანია მივა. წირვის დასრულებამდე სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება, რომლის დროსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს.

ნაკურთხი წყალი მრევლს გაუნაწილდება. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

დღეს სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 42-ე ნათლობა გაიმართება.