დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვირუსების მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვირუსების მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს

იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესეხებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში ასი ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, რაც აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელია და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პიკს არ აჭარბებს. გამყრელიძის თქმით, გრიპის ეპიდემია გამოცხადდება, თუ შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევას გადააჭარბებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გამოვლენა ყოველთვის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და იანვარ-თებერვალში შემთხვევის გარკვეული ზრდა ფიქსირდება. გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა, 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია. 
პირები, რომლებიც დაავადებული არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტით, ფილტვის პრობლემებით, მოხუცები და ორსულები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და პირველივე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს. გამყრელიძის თქმით, დღეისთვის გრიპის ვირუსებზე სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკ ჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი. 8 ათასზე მეტი პირი კი კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა.