პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება

პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება

ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ. 
ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 26 688 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 41-ე ნათლობა სამების ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე შედგა. 
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.