"ჩვენმა მთავრობამ კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემა უზრუნველყო"

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის ძალისხმევით, საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემია დაარსდა.

აკადემიის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გამართულ სადებატო სესიაში– „დემოკრატიის ძიებაში.“

პრემიერ–მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე,  ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრის აუცილებლობაზე, ბიზნესის მხარდასაჭერ პროგრამებსა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დეკემბერში, როცა ჩემი კანდიდატურა დამტკიცდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მე განვაცხადე, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკური განვითარება, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთებას და ბიზნესებისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა. ვთვლი, რომ მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების გზით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ტრანსფორმირებას. ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა არსებული ბიზნესები სწრაფად ვითარდებიან, მაგრამ დამწყები ბიზნესები ვერ იზიდავენ ფინანსებს თავიანთი იდეების განსახორცილებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად ჩვენ წამოვიწყებთ ახალ პროგრამებს. ჩვენ დავუთმობთ მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგიას ახალი ბიზნესების მხარდაჭერასა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისებას და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველივე ეს გააძლიერებს საშუალო ფენას და ქართველ ახალგაზრდებს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით,“– განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის  გრძელვადიან განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება თავისუფალ საზოგადოებასა და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს.

„ჩვენს რეგიონში საქართველო არის ლიდერი თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით. ჩემთვის საპატიოა იმ ძალისხმევის გაგრძელება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო 2012 წელს. ამ ძალისხმევის მიზანია ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მის დამქირავებელს, ანუ ხალხს უსმენს. ბოლო წლების და არა მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება პოვა. ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემა. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა,“– აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცემათ.

დისკუსიაში, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მოეწყო, მონაწილეობდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, ბიზნესმენები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.