ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიაჩნია, რომ ქადაგიძეს უფრო გახსნილად უნდა დაეფიქსირებინა საზოგადოების წინაშე, როცა ის აფრთხილებდა მთავრობას, თუ როგორი კატასტროფებისკენ მიჰყავდათ მათ საქმე. ეს კომენტარი ბოკერიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

ბოკერია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მათ უნდა მოისმინონ ეროვნული ბანკის ანგარიში და მნიშვნელობა არ აქვს ამ ანგარიშს პრეზიდენტი ქადაგიძე წარადგენს თუ სხვა ვინმე.

"რა თქმა უნდა, მათთვის მხოლოდ ერთ პიროვნებას აქვს მნიშვნელობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამის მერე ინსტიტუტები, კონსტიტუცია, პროცედურა, პატივისცემა ტრადიციისა არის მათთვის მეასეხარისხოვანი. ყველა კაპრიზს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ინსტიტუტებისთვის, ემორჩილებიან. ასე იქცევიან პრეზიდენტთან მიმართებაში, ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, სამი წელიწადია, როცა რაღაც ცუდად მიდის, აბრალებენ ან მედიას ან პოლიტიკურ ოპონენტებს ან ინსტიტუტებს, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. სულ რამდენიმე ინსტიტუტი დარჩა ასეთი. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი იყო და სხვათა შორის, იმ ეკონომიკური მავნებლობის ფონზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გაატარა. იმ ნაბიჯებმა, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა, კიდევ უფრო მძიმე კატასტროფას გადაგვარჩინა. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ ქადაგიძე უფრო ღია და გახსნილი უნდა ყოფილიყო საზოგადოების წინაშე, როცა ის აფრთხილებდა მთავრობას და საჯაროდაც ერთი-ორჯერ თქვა, თუ როგორი კატასტროფებისკენ მიჰყავდათ მათ საქმე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ ეს არის მისი კრიტიკის საფუძველი ქადაგიძისადმი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უფრო ხმამაღალი უნდა ყოფილიყო თავის კრიტიკაში.

"ახლა ამ ადამიანს სჯიან. მაგრამ ეს დასჯა პერსონების პრობლემა კი არ არის, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის პრობლემაა იმიტომ, რომ ქვეყანა დგას დემოკრატიაზე, ხალხის მხარდაჭერაზე და ინსტიტუტებზე და ამ ყველაფერს ანგრევენ. ეს არის ერთი პატარა მაგალითი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ივანიშვილთან მის მარიონეტებს აქვთ ყველა სხვა შემთხვევაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და მაგალითად მოიყვანა, რომ უმრავლესობა არ ესწრება საპრეზიდენტო მოხსენებებს და საუბრობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლების თაობაზე.

გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობას იგივე პოლიტიკა აქვს მედიასთან, პოლიტიკურ ოპონენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ისინი ებრძვიან ყველას, ვინც არ არიან ივანიშვილის რეჟიმის ყურმოჭრილი პოლიტიკური ყმები.