თუ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელი აიღოს

თუ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელი აიღოს "გაზპრომის" წილის გაფართოებაზე, ეს საზოგადოების გამარჯვება იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელი აიღოს "გაზპრომის" წილის გაფართოებაზე, ეს საზოგადოების გამარჯვება იქნება.

"დღეს გავიგეთ ამბავი, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ხელი აიღოს "გაზპრომის" წილის შექმნაზე და ხარისხობრივად კიდევ უფრო გაფართოებაზე ჩვენს ენერგო ბაზარზე. ეს კარგი შედეგია და ეს არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, თუ რა თქმა უნდა, დადასტურდა. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ ასეთი თავხედური მცდელობა იყო, ასე გაურკვევლად, წინააღმდეგობრივი გზავნილებით და სიცრუით მოითხოვს კითხვებზე პასუხებს. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის განცხადებები, რომ უნდა გადაიხედოს ის ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა. როდესაც ჩვენ ვიღებდით არა ფულს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საერთაშორისო სატრანზიტო შემთხვევებში, არამედ პირდაპირ გაზს, რაც მომგებიანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ახლა რადგან "გაზპრომმა" მოგვთხოვა, უნდა შევცვალოთ ეს ჩვენი ინტერესების საზიანოდ, რაც დაუშვებელია", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თავი რომ დავანებოთ დიდ საკითხს, როგორიც არის აზერბაიჯანული გაზის "გაზპრომის" გაზით ჩანაცვლება, ეს საკითხიც არის საქართველოს ინტერესების ღალატი.