პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს იმ ფონზე, როდესაც გიორგი ქადაგიძე თანამდებობას ტოვებს, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის დიდი ინტერესი არ აქვს.
თუმცა როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის ბიურო ამ საკითხზე იმსჯელებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუმცა ზოგადად ამ პროცესში, რაც მე დავინახე ეროვნული ბანკის საქმიანობის თვალსაზრისით, პირადად არც თუ ისე პოზიტიური განწყობები მაქვს. რა არის მოსასმენი?! სიმართლე გითხრათ, კარგს აქ ვერაფერს ვხედავ, რეალობა სახეზეა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ფონზე, როცა ის ტოვებს თანამდებობას, მისი მოსმენა რომ გითხრათ ჩვენი მხრიდან დიდი ინტერესის საგანია, ნაკლებად. რომ იყოს ისე, რომ ის ჯერ კიდევ აგრძელებდეს მუშაობას, შეიძლება მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკითხს და მეტი მოვთხოვოთ მას. აქ რა თქმა უნდა, მიზანს ვხედავ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ეს პარლამენტის მიერ მსჯელობის შემდეგ მოხდება.