ბიძინა კუჭავას ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა უტარდება

ბიძინა კუჭავას ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა უტარდება

ბიძინა კუჭავას ცხედარს ამ წუთებში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზას უტარებს. ნიკოლეიშვილი მიცკევიჩის ქ. #18-ში, ბიძინა კუჭავას სახლში, სადაც ცხედარია დასვენებული, რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დამოუკიდებელ ექსპერტს ჟურნალისტებთან ექსპერტიზის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, კომენტარს ცხედარის დათვალიერების შემდეგ გააკეთებს.

ექსპერტიზას ადვოკატი ნათია კირკიტაძე ესწრება.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.