საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შემადგენლობაში პარტიულ სუბიექტებად "მწვანეთა პარტიისა" და "სოციალ-დემოკრატების" შესვლის "დიდი შანსია".
აღნიშნული ორი პარტიის წარმომადგენლები გიორგი გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანი პარლამენტის წევრები სწორედ მმართველი კოალიციის სიით გახდნენ, თუმცა თავად პარტიები კოალიციის შემადგენელი სუბიექტები არ არიან. კოალიციის ამ ორი პოლიტიკური გაერთიანებით გაფართოება კი ახლა იგეგმება.
"ჩვენ "საარჩევნო კოდექსში" მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით, თუკი პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში საკუთარი წევრი ჰყავს, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების გარეშე ექნება. "მწვანეთა პარტიას" და "სოციალ-დემოკრატებს" აქვს შანსი არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა და ალბათ ლოგიკურია, კოალიციაში როგორც სუბიექტი შემოვიდნენ. დიდი შანსია, რომ ასეთი მოლაპარაკება შედგეს. ჩემი ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო არჩევნეზე მყარი უმრავლესობით და კოალიციური ერთობით მივდივართ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზვიად კვაჭანტირაძემ.