სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ე.წ. კაბელების საქმეს დაერთო დოკუმენტი, რომლითაც "დელტაკომი" თავდაცვის სამინისტროს მომსახურებას თვეში 80 ათასად სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, აღნიშნული საქმე აღძრულია "დელტაკომის" განცხადების საფუძველზე, რომელიც თავდაცვის უწყებას 80-ჯერ ძვირად სთავაზობს მომსახურებას, ვიდრე საქმის ფიგურანტი კონპანია "სილქნეტი".
დოკუმენტი, წინა სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარადგინა და მისი საქმეზე დართვა ამის შემდეგ მოითხოვა დაცვის მხარემ.
ლევან სამუშიას განცხადებით, დოკუმენტით მტკიცდება, რომ "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს.
მისი განმარტებით, ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ კომპანია "დელტაკომი", რომელიც საქმის მიმდინარეობის პროცესში აცხადებდა, რომ მზად იყო იგივე მომსახურება, რასაც "სილქნეტი" უწევს თავდაცვის სამინისტროს, უფასოდ გაეწია, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული კომპანია ამ მომსახურების გაწევაში თვეში 80 000 ლარს ითხოვდა, როცა "სილქნეტი" აღნიშნულ მომსახურებას 1000 ლარად ახორციელებს.