ყველანაირი საუბარი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება სიაში და ვინ - მაჟორიტარობის კანდიდატი, ამ დროის მონაცემებით, წმინდა წყლის სპეკულაციაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი არ ადასტურებს მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გარკვეული პირების "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნას უკავშირდება. დეპუტატის თქმით, "ერთ ლოგიკურ თემაზე სხვა თემების მიბმა ხდება".
"ნანა ყეინიშვილის შვილთან დაკავშირებით არასდროს არანაირი საუბარი არ ყოფილა. მახსოვს, ადრე მის შვილებთან დაკავშირებით შემოგდებული თემა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობენ. ეს იყოს თემა, რამაც განვითარება და სკანდალი ვერ პოვა, რადგან როგორც ერთს, ასევე მეორეს შესანიშნავი საგანმანათლებლო "ბაგაჟი" გააჩნიათ და საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობენ და არა იმიტომ, რომ ნანა ყეინიშვილის შვილები არიან. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის ჩვენს გუნდში მუშაობდა, ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტია და ვიღაცამ ლოგიკურად დაასკვნა, რომ ჩუგოშვილის კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს. არჩილ თალაკვაძეც საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში – იყო ეს პენიტენციურ სისტემაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასე ნებისმიერი კარგი პიროვნება შეიძლება დავასახელოთ და მე ნებისმიერზე გეტყვით – რატომაც არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე განხილვა მიმდინარეობს", - ამბობს გია ვოლსკი, რომლის მტკიცებით, "ყველანაირი საუბარი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება სიაში და ვინ - მაჟორიტარობის კანდიდატი, ამ დროის მონაცემებით, წმინდა წყლის სპეკულაციაა".