2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლები საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ღიად ალაპარაკდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ კუჭავას გვარი, შესაძლოა, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდეს, "ინტერპრესნიუსი" მაღალდაძის მეგობარს, მამუკა გუგეშაშვილს ესაუბრა, რომელმაც 2007 წელს, მცხეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაიხსენა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გოჩა მაღალდაძის მკვლელობის უკან სწორედ კუჭავა დგას.
გუგეშაშვილის მტკიცებით, ბიძინა კუჭავას, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა, მაღალდაძის ვალი ჰქონდა.
მისივე ინფორმაციით, იმ პერიოდში გოჩა მაღალდაძე სამორინე "ფორტუნას" ფლობდა, ხოლო კუჭავა "ასტორია პალასს".
"სამორინეს მფლობელებში, ერთმანეთში მიღებული იყო დიდი ფულის თხოვება. უმეტესობა ერთმანეთის სამორინეებში თამაშობდა კიდეც. იმ პერიოდში, დანამდვილებით ვიცი, რომ ნახევარი მილიონი მოუგო კუჭავამ სამორინეს, რომელიც მაღალდაძის მფლობელობაში იყო და შემდგომ დაიწყო თამაში სხვადასხვა სამორინეებში, სადაც დიდი თანხები წააგო. ბოლოს, გოჩასგან ვიცი, რომ კუჭავას 100 000-ის ფარგლებში ჰქონდა მისი ვალი. მან მაღალდაძეს სთხოვა თანხა, რათა წასულიყო და ეთამაშა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ კუჭავას მისი ვალი ჰქონდა. მე ბოლო სამი თვე, არ ვიყავი აქ და ყველა ინფორმაციას ფლობს ვაჟა ნუცუბიძე, რომელიც იმ პერიოდში სამორინე "ბერიკონს" ფლობდა", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.
მაღალდაძის მეგობრის განმარტებით, მას ეჭვი ჰქონდა სამ პიროვნებაზე, მათ შორის ბიძინა კუჭავაზე.
"ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ. ამას ზუსტად ვერ ვამბობდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვფიქრობდი. გაუგნებული ვარ გუშინდელის შემდეგ", - განაცხადა მან.
გუგეშაშვილის ინფორმაციით, მაღალდაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში კუჭავა არაერთხელ დაკითხეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსული ტიპის იარაღით – მასზე იყო წიწაკა მოყრილი და ვერ იღებდნენ სუნს. შემდეგ, როდესაც გენერალი ნინუა მოკლეს, სავარაუდო ვერსია, იყო, რომ მაღალდაძე და ნინუები ერთი და იგივე იარაღით მოკლეს", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა და განმარტა, რომ ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ, რადგან დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
გოჩა მაღალდაძე 2007 წლის 9 მაისს, გამთენიისას. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამორინე "ფორტუნა".