"თავისუფალი დემოკრატების" წევრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესში დღეს ძირეული გარდატეხა მოხდა.
როგორც პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებად ცნო დოკუმენტი, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა.
"შეიძლება ითქვას, დღეს მოხდა ძირეული გარდატეხა სასამართლო პროცესში. მოსამართლემ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და მართებული გადაწყვეტილება და მტკიცებულებად ცნო ის დოკუმენტაცია, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ "დელტა კომმის" შეთავაზება დაკავშირებული იყო კოლოსალურ თანხებთან და თავდაცვის სამინისტროს ხუთმა თანამშრომელმა პირიქით, შეიძლება ითქვას, ძალიან სერიოზული თანხა დაზოგა, როდესაც არ მიიღო "დელტა კომის" შეთავაზება. "დელტა კომმს" და მის შვილობილ კომპანიებს შეცდომაში შეჰყავდა სახელმწიფო და საბოლოო ჯამში დღეს ნათლად გამოიკვეთა, რომ არავითარი ბრალი გაფლანგვაში და თანხის მიტაცებაში ამ ადამიანებს არ მიუძღვით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
იგი მადლობას უხდის მოსამართლეს, რომელმაც პრინციპულად, ჯანსაღად და კვალიფიციურად შეაფასა ამ დოკუმენტის მნიშვნელობა და იგი მტკიცებულებად დაუშვა.
"მე მგონია, რომ ძალიან მალე ეს პროცესი დასრულდება თავდაცვის სამინისტროს ბიჭების გამართლებით და ეს კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა პოლიტიკური ზეწოლის დასრულდება და ისტორიას ჩაბარდება", - დასძინა პეტრიაშვილმა.
იგი არ გამორიცხავს, კითხვები ამჯერად უკვე "დელტა კომმის" მისამართით გაჩნდეს.
"ყველაფერი შეიძლება. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა "დელტა კომის" მხრიდან სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პირიქით, ვფიქრობ, რომ საგამოძიებო ორგანოები მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად ცნო დოკუმენტი, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარადგინა. დაცვის მხარის ინფორმაციით, დოკუმენტით მტკიცდება, რომ "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს. ადვოკატ ლევან სამუშიას განმარტებით, ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ კომპანია "დელტაკომი", რომელიც საქმის მიმდინარეობის პროცესში აცხადებდა, რომ მზად იყო იგივე მომსახურება, რასაც "სილქნეტი" უწევს თავდაცვის სამინისტროს, უფასოდ გაეწია, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული კომპანია ამ მომსახურების გაწევაში თვეში 80 000 ლარს ითხოვდა, როცა "სილქნეტი" აღნიშნულ მომსახურებას 1000 ლარად ახორციელებს.