საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განმარტებით, 2016 წლის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი უნარიანობა, კომპეტენტურობა და ასევე კონსტრუქციულობა იქნება.
როგორც ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "საარჩევნო სიის ფორმირებისას ყველა შესაბამისი მონაცემით – როგორც საშინაო რეიტინგით, ასევე საგარეო რეიტინგით, ინტელექტუალური მონაცემებით, კოალიციურობის მიმართ განწყობებით შეფასდება და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღება".
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვოლსკი მაჟორიტარების შერჩევისა და სიის ფირმირების სავარაუდო სქემაზეც საუბრობს.
"თუკი რომელიმე რეგიონი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმომადგენლობას მოისაკლისებს, მისი წარმომადგენლის ყოფნა საარჩევნო სიით უნდა შეივსოს. მაგალითად, თუკი რაჭის და სვანეთის რაიონები ერთი მაჟორიტარული ოლქის ფარგლებში გაერთიანდა და მათ პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარი ფუძით რაჭიდან იქნება, აუცილებლად სიაში სვანეთის წარმომადგენელი შევა, რომელსაც ფუძით მაჟორიტარი არ ეყოლება. ასევე არის ნინოწმინდა და ახალქალაქი ერთად, ერთ საარჩევნო ოლქში – თუკი მაჟორიტარობის კანდიდატი ფუძით ნინოწმინდელი იქნება, ახალქალაქის წარმომადგენელი სიაში შევა", - განმარტავს ვოლსკი, რომელიც ამ კონტექსტში დეპუტატობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ვოლსკი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის და კონკრეტულ პირებზე საუბარი, ნაადრევია.