პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია ექნება, რაც მისასალმებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს ბიზნესასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ასლანიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილთან ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა "ძალიან საინტერესო" იყო.
"მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა დღეს პრემერმა, მათ შორის, საგადასახადო დეკრიმინალიზაციის საკითხზე, მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. შევეხეთ ინვესტიციების თემას, განათლების ხელშწობის მნიშვნელობას. პრემიერი დაგვპირდა, რომ ყოველ ეტაპზე ბიზნესთან ექნება აქტიური კომუნიკაცია, რაც ძალიან მისასალმებელია. ის რეფორმები და ინიციატივები, რაც გაჟღერებული იყო, ჩვენგან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის თვისობრივად ახალი ხარისხი ეკონომიკური ზრდის კუთხით გაცილებით მაღალი შედეგის მომტანი იქნება", - განაცხადა ასლანიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრებოდნენ.