გადავავადებთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი და ამჯერად ამ წესს ვეღარ გადაავადებენ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოტანაზე აღმასრულებელი ხელისუფლება და კოალიცია უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც საუბრობენ.
"სამწუხაროდ, ამ წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი, ჩვენ ამ წესს ვეღარ გადავავადებთ. თუ კარგად მახსოვს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ერთ-ერთ ასეთ გადავადებას. ამიტომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში როდესაც გაჩნდა შუალედური, მე ვიტყოდი, უფრო ევროპული მოდელი, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, ჩვენ ეს მოდელი უკვე დავამტკიცეთ პარლამენტში და 20 თებერვალს ეს წესი უნდა ამუშავდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოც სხვა უწყებების მსგავსად, მოასწრებს ამ ერთ თვეში მომზადებას.
"მე იმედი მაქვს, რომ თუკი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებები არიან მზად, სასამართლო, მოასწრებს მომდევნო ერთ თვეში მომზადებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდებიან.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოებში მოსაწესრიგებელია კანონით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 20 თებერვალს, როდესაც კანონი ამოქმედდება, არა მარტო საქალაქო სასამართლოები, არამედ მთლიანად საერთო სასამართლოები მომზადებული იქნებიან.