პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურისგან ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ყველა მასალის გასაჯაროებას ითხოვს.
ბესელია დარწმუნებულია, რომ აღნიშნიულ საქმეში საიდუმლო და დასამალი არაფერია, ამიტომ საზოგადოებამ ყველაფერი ღიად უნდა იცოდეს.
დეპუტატის მტკიცებით, მას რომ საქმესთან დაკავშირებით თუნდაც რაიმე სერიოზული ეჭვი მოესმინა, მანდატზე უარს იტყოდა.
"შეწყალების საქმე ჩემთვის უკვე კომიკურიც აღარ არის, იმდენად არასერიოზული სახე მიიღო ამ საქმემ. მე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონია ამ მატყუარა, ძალიან იაფფასიან და უწესო პოლიტიკოსზე, რომელიც გახლავთ ელისაშვილი და ის მარტო არ არის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი განცხადებები იმდენად მდარე იყო, იმდენად იაფფასიან განცხადებებს ეყრდნობოდა, არ მგონია სერიოზული კომენტარის გაკეთებად ღირდეს. ის არ მოქმედებს მარტო და ეს არის კოალიციური ჯგუფი, რომელმაც დაგეგმა ეს ცილისმწამებლური კამპანია და ეს კამპანია მიზანმიმართულად, წინასაარჩევნოდ არის დაგეგმილი "ქართული ოცნების" სპიკერების წინააღმდეგ. ეს მოყვა პატრიარქის განცხადებას და როგორც ჩანს, ისინი ელოდებოდნენ შესაბამის მომენტს. წინასწარ დაგეგმილი სცენარით დაიწყეს მოქმედება და ვერ იფიქრეს, რომ ამას მოყვებოდა შემდეგი განვითარება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი კილაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი ერთობლივად მოქმედებენ.
მისივე თქმით, მას ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ინციდენტი მოხდა, როცა რამდენიმე პირი დააპატიმრეს და გაასამართლეს.
"მე მაშინ მახსოვს მისი ნეგატიური განწყობა და ამიტომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია. ერთადერთი საჯარო შეხვედრა იყო ზვიად ქორიძესთან, სადაც პატიმართა პრობლემებზე ვისაუბრეთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ის გეგმავს აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიყვეს.
"ბოლო პერიოდში ვხედავთ კონკრეტულ ფაქტებს და ქმედებებს, რომ იქმნება ყალბი გვერდები სოციალურ ქსელში, იქმნება ხელოვნურად, ერთჯერადად, ცრუ ჩვენებების ფონის შესაქმნელად, ცილისწამებისთვის. მივმართავ შს სამინისტროს და პროკურატურას, გამოიკვლიოს ვის მიერ, როდის და რატომ შეიქმნა ეს გვერდები და არის თუ არა კავშირი სცენართან, რომელზეც უკვე ვისაუბრე. მე მინდა ასევე, პროკურატურამ გაასაჯაროვოს უმოკლეს ვადაში ყველა ის მასალა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო. ნახავთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი ტყულები და მე მინდა, რომ ყველა დოკუმენტი გახდეს საჯარო", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.