პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას ე.წ.კასრების საქმეზე გამოძიებასთან შეხება არ ჰქონია

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ქირიას ე.წ.კასრების საქმეზე გამოძიებასთან შეხება არ ჰქონია

პროკურორ ვახტანგ ქირიას არანაირი შეხება არ ჰქონია ე.წ.კასრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოძიება 2013 წლის 15 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიწყო და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტის პროკურორები გიორგი კავსაძე და ზვიად ფხაკაძე.

"აღმოჩენილ წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების ყველა ეტაპზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ ზემოთაღნიშნული პროკურორები, რომლებიც მოცემული საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვისას მხარს უჭერდნენ სახელმწიფო ბრალდებას. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზემოთაღნიშნული პროკურორების მონაწილეობით მიმდინარეობს საქმის განხილვა და ვისაც სურვილი აქვს შეუძია დაესწროს პროცესს.