ხვალიდან გამოვაქვეყნებთ პატიმართა წერილებს, რომლებშიც ისინი შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობაზე წერენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა.
"მე გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება პატიმრების რამდენიმე წერილი, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფაქტებზეა საუბარი. ისინი ეხება შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობას, ამ წერილებს გამოვაქვეყნებთ და ყველა დააკვირდება რამდენად დიდია პროტესტი პატიმრების მხრიდან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების მიმართ. საქმე ეხება პირად საკითხებს, როგორ უსამართლოდ იღებს გადაწყვეტილებას ეს კომისია, ყვებიან საკუთარ ისტორიებს და ა.შ. ამ წერილებს გავასაჯაროებ, რომ არ ჩათვალოს ბატონმა ქორიძემ, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილები არის ზეწოლის მატარებელი, ყველა გაეცნობა რატომ ვგზავნით წერილებს იმ კომისიაში. დაახლოებით, 34 ათასი წერილი და საჩივარი გვაქვს განხილული. ყველა რეკორდი მოვხსენით", - განაცხადა ეკა ბესელიამ,
მისივე თქმით, წერილები შედის ალეკო ელისაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებითც.
"ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები. მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ, მათ შორის ისიც, რომ მათ მიმართ გადაწყვეტილება მიიღეს უსამართლოდ და ა.შ. საზოგადოებამ შეაფასოს როგორ მუშაობს ეს კომისია. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული და შესაბამის უწყებებსაც აქვს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ და არ გამორიცხა, რომ ელისაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.