ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
აკაკი მინაშვილმა 2016 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების მოკლე სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში 3 ყაჩაღობა, 4 მკვლელობა, 2 მკვლელობის მცდელობა, 2 ქურდობა და ერთი დაცხრილვა მოხდა.
"მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები ფიქრობენ, როგორ გადაინაწილონ თანამდებობები, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როცა საახალწლო მიღების შემდეგ ნეტარი სახით აკეთებენ კომენტარებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, სამწუხაროდ, ყოველდღიურობა განსხვავებულია და ის სახიფათო ხდება. საზოგადოება ყოველდღიურად ძალიან მძიმე დანაშაულების მოწმე ხდება", - განაცხადა დეპუტატმა. მინაშვილის განმარტებით, ამ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი აქვს. "დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებისა და რეგიონული სამმართველოს უფროსები კადრების განყოფილებაში არიან გადაყვანილები, რადგან კლანებს შორის ადგილების გადანაწილება ხდება. პრემიერის შეცვლის მერე შეიცვალა აღმასრულებელ მთავრობაში ინტერესთა ჯგუფებიც და ახლა ღარიბაშვილის გუნდიდან მეტი ადამიანის გარიყვისთვის მიდის ბრძოლა;
"ქართულმა ოცნებამ" კვლავ დაიწყო მოლაპრაკება კრიმინალურ ჯგუფებთან, რათა მათი მეშვეობით მოიპოვოს ხმები 2016 წლის არჩევნებში. ამის სანაცვლოდ მათ გარკვეული პრივილეგიები აქვთ. ამის მაგალითები საქართველომ 2012 წლის შემდეგ ბევრი ნახა. იგივე რემენას, აჭარის კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია გორაძეს მაგალითზე;
სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება ხდება არა დანაშაულის წინაარმდეგ ბრძოლისთვის, არამედ პოლიტიკური საქმიანობისთვის. მათი რესურსი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ.
ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია და სერიოზულ ზიანს აყენებს მოქალაქეეების უსაფრთხოებას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან 2016 წელს მათი წასვლაა", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.