პირი, რომელიც ახალი პრეპარატის კლინიკური ცდის დროს კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ადგილობრივი მედია იტყობინება.
საფრანგეთის ქალაქ რენში კლინიკური ცდა გასულ კვირას ჩატარდა. ცდის ფარგლებში მონაწილეებს უნდა მიეღოთ ევროპული ლაბორატორიის მიერ შექმნილი ახალი პრეპარატი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა. ცდის შედეგად ხუთი ადამიანი ცუდად გახდა, მათ შორის ერთი ამ დრომდე კომაში იყო. დანარჩენი ოთხი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათ ნევროლოგიური პრობლემები აქვთ.
კლინიკურ ცდაში სულ 90 მოხალისე მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.