დოკუმენტით, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა, დასტურდება, რომ "კაბელების" საქმეში არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალეულობას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ სასამართლო შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და ამ დოკუმენტს მტკიცებულებად მიიღებს.
"კაბელების საქმე, მთლიანად არის აგებული იმ მოცემულობაზე, რომ "დელტაკომმი" "სილქნეტზე" უფრო იაფად განახორციელებდა მომსახურებას. "კაბელების საქმის" მიმდინარეობისას "დელტაკომი" დაჟინებით აცხადებდა, რომ ის თავდაცვის სამინისტროს მომსახურების გაწევას უფასოდ სთავაზობდა. ყველა ექსპერტული დასკვნა, ყველა სამხილი, რომელსაც ბრალდება, ანუ პროკურატურა წარმოადგენს, ეყრდნობა მოცემულობას, რომ "დელტაკომის" სატენდერო შეთავაზებით, ეს კომპანია უფასოდ განახორციელებდა სატენდერო პირობებში მოცემულ ვალდებულებებს. თუმცა ამ დოკუმენტით, რომელიც ერთ-ერთმა მოწმემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტმენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკმა თ. მირიანაშვილმა წარმოადგინა, ირკვევა შემდეგი: დელტაკომი არ აპირებდა უფასოდ მომსახურებას და მეტიც, რა საფასურსაც ითხოვს "დელტაკომი" 13 მილიონი ლარით უფრო მეტია, ვიდრე დღეს ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამ დოკუმენტით ნათლად დგინდება - ტენდერის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" გააფორმა, 13 მილიონ ლარზე მეტი იქნა დაზოგილი. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო შეძლებს იყოს დამოუკიდებელი და ამ ახალ გარემოებას მიიღებს მტკიცებულებად", - განაცხადა ჩიქოვანმა.
"კაბელების საქმეზე" მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.