ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ხვალინდელ პროცესზე იმ დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებას მოითხოვენ, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა, მოწმე თემურ მირიანაშვილმა წარმოადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ამ დოკუმენტით მტკიცდება, რომ "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხები დაზოგეს. ადვოკატის განმარტებით, ამ დოკუმენტით ასევე დასტურდება, რომ კომპანია "დელტა კომი", რომელიც საქმის მიმდინარეობის პროცესში აცხადებდა, რომ მზად იყო იგივე მომსახურება, რასაც "სილქნეტი" უწევს თავდაცვის სამინისტროს, უფასოდ გაეწია, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული კომპანია ამ მომსახურების გაწევაში თვეში 80 000 ლარს ითხოვდა, როცა "სილქნეტი" აღნიშნულ მომსახურებას 1000 ლარად ახორციელებს.
"წინასასამართლო სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკმა მოწმე მირიანაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ბატონ მირიანაშვილს თავის ელექტრონულ ფოსტაზე შპს "დელტა კომ-ის" ხელმღვანელმა პირებმა გადაუგზავნეს შეთავაზება იმის შესახებ, რომ 80 000 ლარად თვეში მოემსახურებოდნენ თავდაცვის სამინისტროს. ამ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი ედებათ იმაში, რომ უყაირათოდ გაფლანგეს თანხებ, რადგან "დელტა კომ-ის" თანამშომლები მზად იყვნენ უფასოდ შეეთავაზებინათ საერთოდ აღნიშნული სერვისი. თავდაცვის სამინისტრო მოქმედი ხელშეკრულებით, რაც გაფორმდა "სილქნეტთან" თვეში 1000 ლარად ღებულობს მომსახურებას, აქ კი საუბარია 80 000 ლარზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ბრალდებას საფუძველს აცლის. ეს ჩვენთვისაც უცნობი დოკუმენტი იყო და ამ დოკუმენტს შესაბამისი წესით წარვადგენთ სასამართლო პროცესზე. ამ დოკუმენტიც მტკიცდება, რომ ათობით მილიონი ლარის დაზოგვა მოხდა. "დელტა კომს" ანალოგიური კონტრაქტი შს სამინისტროსთან აქვს გაფორმებული და ამ კონტრაქტით ასიათასობით ლარზეა საერთოდ საუბარი. ის, რომ თითქოსდა "დელტა კომი" საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო და უფასოდ სთავაზობდა ამ ყველაფერს თავდაცვის სამინისტროს, ეს მითი ისედაც დამსხვრეული იყო და ეს დოკუმენტალურადაც იმსხვრევა. კოლოსარული თანხების სანაცვლოდ სთავაზობდა ეს კომპანია თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის გაფორმებას, რაც ბუნებრივია არ გაფორმდა. მოიქცნენ კანონიერად ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებმაც დაზოგეს სახელმწიფო თანხები და დღეს ამისთვის არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია "დელტა კომის" პოზიციაზე იყო თავიდან ბოლომდე დამყარებული.
"ექსპერტიზები ჩატარებულია ამ კომპანიის გაუგებარ ცნობებზე, რომ ისინი თითქოს მინიმალურ თანხად და ზოგ შემთხვევაში უფასოდ მიაწვდიდნენ მომსახურეობას. დასტურდება, რომ არანაირ უფასოზე არ ყოფილა საუბარი და ძალიან დიდ თანხებს ითხოვდა უწყებისგან. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ გაფორმებული კონტრაქტით, "სილქნეტი" თვეში მომსახურებში 1000 ლარს იღებს, როცა "დელტა კომ" 80 000 ლარს ითხოვდა", - აღნიშნა სამუშიამ.