სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
"მოამბის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელის დაქირავებული იყო.
პროკურორის სავარაუდო მკვლელის მიერ თვითმკვლელობის და სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ საუბრობენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ვახტანგ ქირიას შვილმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მედისგან შეიტყო. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები კი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანდა. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.
პროკურორის გაუჩინარების ვერსიებზე საუბრობდა "რუსთავი 2". ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდებოდა. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.