საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთვათ.
"Главком"-თან ინტერვიუში, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საუბრისას უკლებამ აღნიშნა, რომ "ასეთივე პროცედურა ახლა სხვა პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს".
"საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია, იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა სახელმწიფოს წინაშე არსებული დამსახურების გამო ენიჭება. მოქალაქეობის შეწყვეტის და მიღების პროცედურები გაწერილია კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს პირი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქმე გვაქვს კონსტიტუციისა და კანონის ნორმების აღსრულებასთან. გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ ჩვენ უკრაინულ მხარეს მივმართეთ და მათ ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც მას შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა. ახლა იგივე პროცედურა მიმდინარეობს სხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა უკლებამ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განკარგულებებს უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი სხვა ქართველების მიმართაც გამოსცემს, უკლება აცხადებს, რომ "აუცილებლად".