ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა .
ამასთან, ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ არის საუბარი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ერთობლივ განცხადებაში.
"გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა შეასრულა ვალდებულებები, მოეხსნა მრავალმხრივი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა", - აღნიშნულია ერთობლივ დოკუმენტში.
ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის შედეგად მიიღეს.
ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები 2005 წელს შემოიღეს.