ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგამ საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.
"კურიერის" ცნობით, ქირიას ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.