საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ ბიზნესმენს, „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც ბიზნესმენი საქართველოში ახორციელებს.
პრემიერმა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„მინდა, იცოდეთ, რომ კონკრეტულად თქვენ, საქართველოში ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეთ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გპირდებით მთავრობის აბსოლუტურ მხარდაჭერას იმ ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რასაც აკეთებთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენს.
ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“, უკვე მეორედ, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის დონაცია განახორციელა, რამაც ფონდს ონკოლოგიური დაავადებების მქონე მრავალი ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენის საშუალება მისცა.