კობა დავითაშვილის სარჩელი ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად სცნო. ევროსასამართლომ მიუთითა, თუ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას კობა დავითაშვილი არაეფექტურად მიიჩნევდა, მას ამაზე რეაგირება ბევრად ადრე უნდა მოეხდინა.
ევროსასამართლო განმარტავს, რომ კობა დავითაშვილი მის საქმეზე საქართველოში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას მისი დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში არ ეცნობოდა.
"ხალხის პარტიის" ლიდერმა ევროსასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, ე.წ. ელიავას ბაზრობიდან კობა დავითაშვილის გატაცების და მისი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს, რომლის გამოძიების შედეგებიც დღემდე უცნობია.
დავითაშვილი ითხოვდა ევროსასამართლოს დაედასტურებინა, რომ მის წინააღმდეგ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რვა მუხლი, მათ შორის სიცოცხლის უფლება; წამება და არაადამიანური მოპყრობა; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების და გაერთიანების თავისუფლება; ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების უფლება.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დავითაშვილი გეგმავდა ევროსასამართლოს გადაწყვეტიელბა საფუძვლად დასდებოდა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ხელახალ, სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას.