რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, რიგი საკადრო ცვლილებები მოხდება.

როგორც ცნობილია, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გუშინ შეხვდა.

14 იანვარს კი, ახალი მოადგილეების წარდგენისას, მინისტრმა უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.

"ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და ძირეული ცვლილებებისა, რომელიც შსს-ში იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში", - განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე - ხომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს სხვა მიმართულებით, მათ შორის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სხვა მიმართულებით მოსალოდნელია ცვლილებები, ხოლო საპატრულო პოლიციის მიმართულებით ჯერ არაფერი იგეგმება.