საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გუშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მინისტრმა დიპლომატებს საგარეო უწყების მიზნები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, "რომელიც არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილიც, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები სრულად იზიარებენ ევროპული ღირებულებების სისტემას და სწამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი".
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც მთავრობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, და ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა შერიგების პროცესში ნდობის აღდგენისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა.
საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ გასული წლის მოვლენებიც შეაჯამა, კერძოდ, მან 2015 წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მათ შორისაა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რაც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მინისტრმა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკური დიპლომატია დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და საერთაშორისო ასპარეზზე ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კონტექსტში მინისტრმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში.
გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დღის წესრიგის პრიორიტეტული მიზნების შესრულების, კერძოდ, დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლა.