სამტრედიის ქ. #2-ში გუშინ საღამოს მომხდარი მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობას უკავშირდება. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეჭვმიტანილი, რომელიც უკვე დაკავებულია, მათ მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა დაოჯახების შემდეგ კახეთში იყო გადასული და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა.
მეზობლების თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ მას ცოლ-შვილს ართმევდნენ. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ს.ვ. თბილისში დღეს ჩამოვიდა. ცოტა ხანში კი მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ეჭვმიტანილის მეუღლის საცხოვრებელს კითხულობდა.
ს.ვ-მა მკვლელობის ჩადენის შემდეგ პოლიციაში თავად დარეკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ. ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე თავისივე საცხოვრებელი კურპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს, 1986 წელს დაბადებულ ზაზა.ქ. - ს სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, იოსებ. ვ მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ - ის 108-ე მუხლით).