თბილისის მერი დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციის მიმართ "ქართული ოცნების" მიდგომა არ შეიცვლება.
ნარმანიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, კორუფცია ვერ იარსებებს, რისი დასტურიც ჯოკია ბოდოკიას მაგალითია.
"როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონი უზენაესია და კორუფცია ვერ იარსებებს, სწორედ ამის დასტურია ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც, რომელმაც ახლაც ვნახეთ, რომ გადაწყვიტა, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ განაცხადა, რომ მისი 11 წლიანი სასჯელი "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ პირველ ეტაპზე, მერიაში არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება, ასევე ბოდოკია მის გასამართლებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.