თურქულმა ავიაკომპანია "პეგასუსმა" რუსეთის მიმართულებით რეისები აღადგინა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, იანვრის დასაწყისიდან ამ დრომდე "პეგასუსი" რუსეთში ფრენებს ვერ ახორციელებდა, ვინაიდან მოსკოვმა უარი უთხრა კომპანიის ეკიპაჟის წევრებს ვიზის გაცემაზე. ამ დროისთვის კი "პეგასუსში" აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარებულია.
მოლაპარაკებებში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები და თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო ჩაერთო. რუსეთმა თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა 1-ელი იანვრიდან გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გასული წლის 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოგდება გახდა.
ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოსკოვმა ანკარას არაერთი სანქცია დაუწესა. ამასთან, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს.