ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით, შესაძლოა, ნასვამ დგომარეობაში მყოფ მოთხილამურეს, არამხოლოდ სრიალის უფლება აეკრძალოს, არამედ მას თხილამურებიც ჩამოერთვას.
"სამთო რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა შემოდგომისთვის უკვე მომზადებული იყო, თუმცა გუშინ, სამწუხარო მოვლენების გამო, რის გამოც ოჯახს ვუსამძიმრებ, ეს საკითხი კიდევ ერთხელ განვიხილეთ დეტალურად. ის, რაც ჩვენ მომზადებული გვქონდა, ცოტა უფრო რბილი აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადოებაში დღეს არსებული მოთხოვნილებებია. მაგალითად, გუშინ გაჟღერდა არაერთი იდეა იმის შესახებ, რომ ნასვამ მოთხილამურეს თხილამურები უნდა ჩამოერთვას. არა უბრალოდ ტრასიდან გავიყვანოთ, არამედ, თუ ის ნასვამია, თხილამურებიც ჩამოვართვათ. მომდევნო 10 დღის მანძილზე, თუ საბოლოოდ შევთანხმდებით, რომ კანონპროექტში ცვლილებები უნდა შევიდეს, ამ ცვლილებებს შევიტანთ და მთავრობაზე გავიტანთ. აქვე გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანება, ამ შაბათ-კვირას თქვენც კი პატრული დაგხვდებათ პრაქტიკულად ყველა სამთო კურორტზე. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უნდა ჩამოვყალიბდეთ, გავამკაცროთ თუ არა წესები. ძირითადი პრონციპია ის, რომ ნასვამმა სათხილამურო გზაზე არ უნდა ისრიალოს, თუმცა განსაზღვრება არის ასეთი - თუ მოსრიალე თავისი საქციელით საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემომყოფებს, მასთან მიდის პატრული და აფრთხილებს, რის შემდეგად, თუ პიროვნება ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, ის სათხილამურო ტრასას და თხილამურებს დატოვებს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.