გიორგი აბაშიშვილმა და აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებაზე იმსჯელეს

გიორგი აბაშიშვილმა და აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმართავს.

გიორგი აბაშიშვილმა აზიმ სადიკოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის მიმდინარეობაზე - არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან გამართულ და დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შევსება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თებერვალში მოხდეს.

გიორგი აბაშიშვილი და აზიმ სადიკოვი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლის პროცესს გააგრძელებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისაც, 2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ პრიორიტეტებს, რომელიც ამ ძირითადი ფინანსური დოკუმენტითაა განსაზღვრული, ასევე, რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, ეროვნული ვალუტის და ინფლაციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.