მინისტრები უკრაინიდან საქართველოს გავლით პირველი სატესტო მატარებლის გაშვებას მნიშვნელოვან პროექტს უწოდებენ

მინისტრები უკრაინიდან საქართველოს გავლით პირველი სატესტო მატარებლის გაშვებას მნიშვნელოვან პროექტს უწოდებენ

მინისტრები უკრაინიდან საქართველოს გავლით პირველი სატესტო მატარებლის გაშვებას მნიშვნელოვან პროექტს უწოდებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, აღნიშნული პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გამოიყენებს იმ სატრანზიტო შესაძლებლობას, რომელიც გააჩნია.

ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა.

"ნამდვილად, ტვირთებმა, რომლებმაც უნდა გაიარონ უკრაინიდან აზიისკენ და აზიიდან უკრაინისკენ, გაივლის მათ შორის საქართველოსაც", -განაცხადა ქუმსიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კი აღნიშნა, რომ საქართველოს ისეთი გეორაფიული მდებარეობა გვაქვს, რომელსაც შეუძლია სატრანზიტო ტვირთების მიღება და გატარება.

"ნებისმერი მიმართულებიდან წამოსული ტვირთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის", - განაცხადა ჯანელიძემ.

უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს დღეს გაუშვებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, სატვირთო მატარებელი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე განცხადება თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისი განმარტებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის. თავის მხრივ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ განაცხადა, რომ მატარებელი ოდესის ოლქის ქალაქ ილიჩევსკიდან დაიძრება. მარშრუტის საზღვაო ნაწილისთვის გამოიყენებენ საბორნე გადაზიდვებს.