პროკურორი - აიუფ ბორჩაშვილის ლეპტოპიდან ამოღებულია ფოტოსურათები, რომლებიც მის ტერორისტულ იდეოლოგიას ადასტურებს

პროკურორი - აიუფ ბორჩაშვილის ლეპტოპიდან ამოღებულია ფოტოსურათები, რომლებიც მის ტერორისტულ იდეოლოგიას ადასტურებს

აიუფ ბორჩაშვილის ლეპტოპიდან ამოღებულია ფოტოსურათები, რომლებშიც ასახულია მისი სირიაში ყოფნა და პანკისელების სირიაში ბრძოლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განუცხადა. 

როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, სასამართლო დღეს სწორედ ლეპტოპიდან ამოღებულ მასალებს გამოიკვლევს. 

"ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია მისივე ლეპტოპში არსებული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია პანკისელების სირიაში ბრძოლა, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიით განმსჭვალული სხვა ფოტოები. ფოტოებზე ასევე ასახულია ბრალდებულის სირიაში ყოფნა. არსებობს სხვა ფოტომასალაც, რაც ადასტურებს, რომ აიუფ ბორჩაშვილი განმსჭვალული იყო ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიით და იდეებით", - განაცხადა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ. 

ბორჩაშვილთან ერთად ტერორიზმის საქმეში კიდევ სამი პირია ბრალდებული. თავად აიუფ ბორჩაშვილს ბრალად ედება პირების გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიზნით, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მის საქმიანობაში დახმარება. დანარჩენ სამ პირს - გიორგი კუპრავას, გიორგი ხუტუნიშვილსა და დავით ფირისებიას კი, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მის საქმიანობაში დახმარება ბრალდებათ.