ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე "გაზპრომზე" - ოპონენტებს სჭირდებათ თემები ხელისუფლების საკრიტიკებლად

"გაზპრომთან" დაკავშირებით გაზის საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს სჭირდებათ თემები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

აღნიშნულის კონტექსტში, აბაშიძე მიიჩნევს, რომ რა არგუმენტიც არ უნდა დაასახელოს ენერგეტიკის სამინისტრომ "გაზპრომთან" მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კრიტიკა მაინც გაგრძელდება. 

"გაზპრომთან" დაკავშირებით გაზის საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს სჭირდებათ თემები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად, ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, სულ ბულბულები რომ ჩამოგისვათ მიკროფონებზე, ეს კრიტიკა მაინც გაგრძელდება", - განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება აწუხებდათ, რუსული კომპანიებისთვის "ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ".

"თუ ასე წუხდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, არ უნდა მიეყიდათ რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური. როგორც ვიცი, მილის გაყიდვასაც გეგმავდნენ", - აღნიშნა აბაშიძემ.