გიორგი ქადაგიძე პარლამენტისგან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენას ითხოვს

გიორგი ქადაგიძე პარლამენტისგან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენას ითხოვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს. 
როგორც ქადაგიძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში განაცხადა, გაკვირვებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში საინტერესო არაა.

"საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის. შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან. ალბათ, უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, ეს ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რაც, პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ვითარდება რეგიონში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატს არ აქვთ სურვილი, მოისმინოს ეროვნული ბანკის ანგარიში. მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად, ამიტომ ეს უნდა იყოს, ალბთ, მთავარი ტრიბუნა, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს. ამიტომ მე მაქვს კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმედს გამოვთქვამ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც ცნობილია, არლამენტმა 2015 წლის საქმიანობა ისე დაასრულა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში არც ეროვნული ბანკის და არც აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში არ მოისმინა. 

ამით კანონმდებლებმა რეგლამენტი დაარღვიეს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშები, პარლამენტს შესაბამისი კომიტეტების მიერ ანგარიშების თაობაზე დასკვნების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა განეხილეთ და დადგენილებაც მიეღოთ. 

ორივე უწყების მხრიდან გაწეული საქმიანობის ანგირიშები პარლამენტში კანონით დადგენილ ვადაში – მაისის ბოლოს გადაიგზავნა. ამის შემდეგ მათ მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმიეს, სესიაზე კი საკითხი აღარ გასულა. 

ცნობისთვის, აუდიუტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში არც 2014 წელს მოისმინეს.