ჩვენ ვლოცულობთ, რათა მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
უწმინდესმა სიონში სამოქალაქო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ყველას მიულოცა ახალი წელი, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა უსურვა საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
პატრიარქის თქმით, იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანები. "ჯოჯოხეთში სასუფევლამდე აღმართულია კიბე და ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, შეიცანი თავი შენი, ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს თავს, ამ კიბეზე სად ვართ და საით მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ ყველანი მაღლა წავიდეთ", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ყოველ წელს, ყოველ საუკუნეს, ათასწლეულს თავისი თვისება აქვს, რაღაცით გამორჩეულია. პატრიარქმა საუბრისას მეოცე საუკუნე გაიხსენა, რომელიც ახალი იდეებით, ახალი პროცესებით, ახალი აღმოჩენებით იყო გამორჩეული. მაგრამ უწმინდესის თქმით, მეოცე საუკუნე ცნობილია ჩვენთვის კიდევ იმით, რომ მან წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. მარტო მეორე მსოფლიო ომში რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა.
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, მომავალი წლები იყოს მშვიდობიანი. აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან, თუ ჩვენ გავუღებთ მას კარს. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ. მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის", - დასძინა პატრიარქმა.
პარაკლისის დროს ტაძარში ლანგრებით გამოიტანეს ტკბილეული, რომელიც მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს დაურიგდა.