ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული მხარის შეხვედრის შემდეგ, „სოკარი“ შეეცდება საქართველოში მოწოდებული გაზის დღიური მოცულობა 6-დან 7 მლნ მ3-მდე გაზარდოს, თუმცა მისი განმარტებით, აღნიშნული დამატებითი მოცულობა, დეფიციტის აღმოფხვრას ვერ შეძლებს.
მისი თქმით, დეფიციტი სხვა ალტერნატიული წყაროდან, სავარაუდოდ, „გაზპრომიდან“ უნდა დაბალანსდეს.
„ბუნებრივია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს გაზის დღეს არსებული 2,5 მლნ. მ3 დეფიციტის დაბალანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების მასშტაბის გაზრდა, „სოკარის“ მხრიდან რიგი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, რაც, სავარაუდოდ, ერთ ან ორ დღეში ვერ განხორციელდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებშიც რომ განხორციელდეს, დარჩენილი 1,5 მლნ. მ3 სხვა ალტერნატიული წყაროდან, სავარაუდოდ, „გაზპრომიდან“ უნდა დაბალანსდეს“,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.