ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, „გაზპრომისგან“ დამატებით, გაზის მიღების შემთხვევაში, „ჩვენი გაზის ბალანსში რუსული ბუნებრივი აირის წილი 20% გახდება“.
ასეთ შემთხვევაში, ექსპერტი საფრთხეს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ზიანს ვერ მიაყენებს.
„რა პრობლემა შეიძლება იყოს აქ?! ეს ვერენაირ ბერკეტს ვერ მისცემს „გაზპრომს“. „თელასში“, დისტრიბუციაში გვყავს რუსული კომპანია და ნებისმიერ დეფიციტურ ელექტროენერგიას ისევ რუსეთისგან ვყიდულობთ. ვერ ვხვდები, რატომ მიმდინარეობს ასეთი საუბრები გაზთან დაკავშირებით, როდესაც რეალურად, აქ არანაირი პრობლემა არ არის“, -აცხადებს ჯერვალიძე.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი თქმით, თეორიულად, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი აქვს აზერბაიჯანს, მაგრამ ის ხელმისაწვდომი არ არის.
„სოკარს“ მარაგი აქვს ძალიან დიდი რაოდენობით. თეორიულად, ის ამბობს, რომ მას აქვს 5 ტრილიონი. მაგრამ „ბიპიეის“ ანგარიშის მიხედვით, ეს მხოლოდ ტრილიონ ნახევარია. თეორიულად, აზერბაიჯანს შესაძლოა, ეს გაზი მართლაც აქვს, თუმცა ეს არის ჯერ მიწაში. ამ გაზის მოპოვება რომ დაიწყოს, „სოკარს“ უნდა ჰქონდეს ღრმა წყლის ბურღები. ერთი ბურღის ღირებულება 1 მლრდ დოლარს შეადგენს. სოკარს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ბურღი აქვს შეკვეთილი, რომელიც მოქმედებაში 2017 წლიდან შევა“,-განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.