იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვა ჩვენ მოგვიწევს დღესდღეობით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განუცხადა.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელიც საპატიო ყარაულის თანხლებით სიმბოლურად საზეიმოდ აღიმართა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე.
"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღინიშნება უკვე ყოველწლიურად, დღეის შემდგომ. დღეს მოხდა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა საქართველოს ცხრა რეგიონში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა დროშის აღმართვა ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა მოხერხდა საოკუპაციო ზოლთან, ენგურის ხიდთან, პოლიციის ბოლო ბლოკ-პოსტზე და შინდისში, სწორედ იმ ბრძოლის ადგილზე, სადაც შინდისის გმირები დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვა ჩვენ მოგვიწევს დღესდღეობით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა აბაშიშვილმა.