"გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ერთად მივაღწევთ"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა, როდესაც ქართველი ერი უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს სიმბოლოს ირგვლივ ერთიანდება, ყველა ფიქრობს იმ გამარჯვებებზე, რომელსაც ქვეყანა მომავალში მოიმკის.

„ყველა ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღეს განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული. დღეს როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ვზეიმობთ, ჩვენ ბუნებრივია პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა. მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის იბრძოდა. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს. ჩვენი დროშა არის ისტორიული სიმბოლიკის და ისტორიული გმირობის მატარებელი, მაგრამ არამხოლოდ წარსულისკენაა მიმართული, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგან როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც მომავალში მოვიმკით, ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომელიც ჩვენ მრავალსაუკუნოვან ერს უწერია. ჩენ უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს, ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ესაა ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, სახელმწიფოებრივი ინტერესების გასაძლიერებლად. დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს წყურია თავისუფლება. დროშას აღმართავენ ყველაზე მაღლა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, იამაყოს და დღეს როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ვზეიმობთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ვართ თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ხალხისგან შემდგარი და მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება. ამიტომ, დღეს ამ დროშის ირგვლივ გაერთიანებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ, გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი. ამიტომ, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის შიგნითაა და ქვეყნის გარეთ, გილოცავთ დროშის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც სასახლეში დროშებით მივიდნენ.

სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და სახელმწიფო დროშა აღიმართა.

სტუდენტები დროშებს იუნკერებს გადასცემენ, რომლებიც გორის თავდაცვის აკადემიის კურსანტები არიან.