ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ დიდი ცხვირი მაქვს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე, რატომ აიყვანა ადვოკატი და ხომ არ ხედავს საფრთხეს, რომ მას სამართლებრივი პრობლემები შეექმნას.
ელისაშვილის უფლებებს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი, თამარ ავალიანი დაიცავს.
როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ადვოკატთან და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იმის გამო მოხდა, რომ ფეხდაფეხ მიჰყვეს მოვლენებს.
ელისაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურ თანამშრომლობას აპირებს და სამართლებრივ პროცედურებში მასთან ერთად იქნება ადვოკატი თამარ ავალიანი.
"ერთადერთი ჩემი დანაშაული ის არის, რომ დიდი ცხვირი მაქვს. ბავშვობაში რომ მარწყვი მოვიპარე, ამას ვერ გაიგებენ. ჩემს მიმართ, რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის აყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურად ვითანამშრომლებ. ხშირად ხდება ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე და ადვოკატთან ერთად, ფეხდაფეხ მივყვები ყველაფერს", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ ცესკოდან მისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
"არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რა კავშირი აქვს მიმდინარე გამოძიებასთან სარეგისტრაციო დოუმენტაციას და იკვლევენ თუ არა ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ჯერჯერობით ამას ვერ მივხვდი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.