პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც კახა კოჟორიძემ პროკურატურას მიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც კახა კოჟორიძემ პროკურატურას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც პრეზიდენტის მრჩევლმა კახა კოჟორიძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, წერილში კახა კოჟორიძის მხრიდან მთავარი პროკურორის სახელზე 6 კითხვაა დასმული, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი; აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება; თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება და რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
"ინტერპრესნიუსი" კახა კოჟორიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, სამართალდამცავი ორგანოების და, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით, რათა, არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარიყო საზოგადოების სრულად ინფორმირება სისტემური დანაშაულის - წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ. პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა. 2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებას საჯაროდ აცნობოთ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე: 1. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი? 2. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება? 3. აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში? 4. იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.) 5. იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება? 6. რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?"- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძის წერილში. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს.
ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 26 დეკემბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა უწყებას მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. "მე მგონი უკვე მეხუთედ პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი "მესიჯების საქმე" უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე "მესიჯების საქმე", რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.